გია ნოდია: ირანთან დადებული შეთანხმება, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია

გია ნოდია: ირანთან დადებული შეთანხმება, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია

ირანთან დადებული შეთანხმება, ჩემი აზრით, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია. ეს შეთანხმებაც კი არ არის, არამედ პრობლემის (ჰორმუზის სრუტის დაკეტვის) დროებითი (სამოცი დღით) გადადებაა. არავითარი პერსპექტივა არ ჩანს, რომ ირანი რომელიმე პრინციპულ საკითხზე დაუთმობს- ამის შესახებ გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს. 

ნოდია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარუმატებლობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მისი მომხრეების თვალშიც ჩაფლავდა.

 „წარუმატებლობები ტრამპს მანამდეც ჰქონდა, მაგრამ მათ ან უარყოფდა (როგორც 2020 არჩევნების წაგება უარყო) ან რაღაცნაირად იფერთხავდა (მერე რა, რომ ჩრდილო კორეის დიქტატორთან „დილს’ გვპირდებოდა და ვერაფერი დადო; მერე რა, რომ უკრაინის ომს ორ კვირაში ამთავრებდა, მაგრამ ომი ისევ გრძელდება; მერე რა, რომ ჩინეთთან თარიფებით ბლატაობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, დ ა.შ.). განსაკუთრებული პოლიტიკური ზიანი არ მიუღია.

ამ შემთხვევაში მისი მომხრეების თვალშიც ჩაფლავდა. აქ არ ვგულისხმობ ტაკერ კარლსონისნაირ პერსონაჟებს, ვინც თავიდანვე პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ომს და ანტისემიტურ შეთქმულების თეორიებს აგებდა - „მზაკვარმა ნეთანიაჰუმ გულუბრყვილო ტრამპი თავის ომში ჩაითრია“. (თუმცა, მაგა-ს ამ ფრთის დაკარგვაც მტკივნეული ტრამპისთვის). არა, იმათ თვალშიც ჩაფლავდა, ვინც ამერიკის აქტიურ პოლიტიკას პრინციპის დონეზე მხარს უჭერდა

სამხედრო ექსპერტები დამეთანხმებიან თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ტრამპმა მაშინ დაკარგა თავისი შანსი, როცა ჰორმუზის სრუტეში მყოფი კუნძულები (ხარგი თუ სხვა) არ აიღო, რისი ძალაც შესწევდა. ამით ირანს მთავარ კოზირს წაართმევდა. სავარაუდოდ, მსხვერპლისა მოერიდა. ასეა თუ ისე, ან არ უნდა დაიწყო ომი, ან რისკზე წასვლა შეგეძლოს.

არჩევნების წინ მეტი რესპუბლიკელი დაინახავს მას, როგორც liabilility-ს, ანუ პარტიის სუსტ წერილს. ბევრი ამბობდა, რომ ის არჩევნების შემდეგ იქცეოდა „კოჭლ იხვად“, მაგრამ მგონი ახლავე იქცევა ასეთად.

მეორეს მხრივ, არსებული ადმინისტრაციის შიგნით ე.წ. restrainer-ები (დაახლოებით - იზოლაციონისტები) გაძლიერდებიან; მათ სათქმელი ექნებათ: ხომ გეუბნებოდით, ჩვენთვის ვიყოთ და არაფერში ჩავერიოთ.

ვისთვისაც მთავარი მოტივი ტრამპთმოძულოებაა, შეუძლია გაუხარდეს - ტრამპმა „ჩაისვარა“. მაგრამ ობიექტურად, ირანის მსგავსი მოთამაშეების გაძლიერებაში კარგი არაფერია.“- წერს ნოდია.