რატი იონათამიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაძვის ხის ფუნქცია ყოველთვის ჰქონდა, როცა აგენტი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ნაძვის ხე იქნები, თუ ნაძვის ხის სათამაშო, აგენტების კანტორას არანაირი პერსპექტივა არ აქვს
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია არასოდეს ყოფილა, სინამდვილეში, აგენტების კანტორა იყო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ფუნქცია დღემდე არ შეუცვლია.
„ლუსტრირებული და გამოვლენილი აგენტურული კანტორა თავის საქმიანობას ყოველთვის ასე ამთავრებს. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ამ კანტორის ხელმძღვანელი იყო, რადგან აგენტების სიაში ყოველთვის დაწინაურებული იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაძვის ხის ფუნქცია ყოველთვის ჰქონდა და ამ ფუნქციის დაკარგვა მომავალშიც არ უნდათ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, როცა აგენტი ხარ, ნაძვის ხე იქნები თუ ნაძვის ხის სათამაშო, შედეგი მაინც ერთია – აგენტებს საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.
რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, იმდენად კარიკატურები არიან და არასერიოზული განცხადებებით გამოდიან, რომ მათზე რაიმეს თქმა, არასერიოზულია. რაც უფრო მეტი ინიციატივით გამოვლენ, საზოგადოებას საკუთარ უუნარობას უფრო მეტად გააგებინებენ. როცა წარმოადგენ არა პოლიტიკურ პარტიას, არამედ აგენტების კანტორას, ვერანაირი პერსპექტივა ვერ გექნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.