თენგიზ შარმანაშვილი – როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? კი აქვს ამბიციები, მაგრამ მართლა გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე
სააკაშვილმა ჯერ თქვა, ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოსო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს შეიძლება, საფრთხის შემცველი ყოფილიყო და „რეფორმების საბჭო“ მოიგონა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილის თქმით, სააკაშვილს არასერიოზული პოზიცია აქვს მისივე პარტიის მიმართ.
„გეუბნებით, ეს ადამიანები საკუთარ პირად ეგოზე უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე რაიმე პოლიტიკურ ინტერესებს გამოხატავენ. მათი მთავარი ამოცანაა, ლიდერობა შეინარჩუნონ. სააკაშვილმა მისივე შერჩეული ადამიანიც კი ჩააჩოჩა და ამბობს, რომ თავმჯდომარე არ იქნება, ციხიდან ვუხელმძღვანელებ, უცხო ქვეყნის მოქალაქეო. ასეთი არასერიოზული პოზიცია აქვს მისივე პარტიის მიმართ და წარმოიდგინეთ, საქართველოს მიმართ რა პოზიცია აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? თავად კი აქვს ამბიციები, მაგრამ მართლა გმირების ქვეყანაში თუ ჟორჟოლიანმა უნდა შექმნას გმირები, მართლა კარგად ყოფილა საქმე“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „გეგმაა, გავშალოთ რამდენიმე ფრონტი, ეს იყოს სოციალური თემატიკა, ახალგაზრდების თემა და იყოს რეგიონული გმირების შექმნა, უფრო სწორად, პოვნა. მთელი ეს პერიოდი დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს რეგიონებზე“.