პროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.
აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში, მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება.
სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით, ტერორისტული აქტის ჩადენის სხვა ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს დამატებით აქვს წარდგენილი ბრალდება და აღნიშნული საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.