ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა და როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ამ კანონმდებლობის გაუქმებას, ლოგიკური დასკვნა მარტივია - კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა, რასაც, რა თქმა უნდა, დავუპირისპირდებით, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული არა ამ ბიუროკრატიის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა და როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ამ კანონმდებლობის გაუქმებას, ლოგიკური დასკვნა მარტივია - კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა, რასაც, რა თქმა უნდა, დავუპირისპირდებით, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული არა ამ ბიუროკრატიის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად

როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს იმ ნაბიჯების გაუქმებას, რომლებმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი იმიტომ იქნა მიღებული, რომ 2020 წელს, სწორედ გაუმჭვირვალე დაფინანსებულმა NGO-ებმა გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები.

„ავიღოთ კანონმდებლობა, ავიღოთ პატიმრების საკითხი, მათ შორის შეკრებების შესახებ კანონმდებლობა. ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯები, რამაც მოგვცა ქვეყნის დამშვიდების შესაძლებლობა. როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს იმ ნაბიჯების გაუქმებას, რომლებმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. გამჭვირვალობის შესახებ კანონი რატომ იქნა მიღებული - იმიტომ, რომ 2020 წელს, მაგალითად, სწორედ გაუმჭვირვალე დაფინანსებულმა NGO-ებმა გააყალბეს ე.წ. PVT, პარალელური დათვლის შედეგები. გააყალბეს და დღემდე მათი მხრიდან ჩვენ შეფასება არ მოგვისმენია.

შემდეგ, იგივე გამყალბებელი NGO-ები ავიდნენ სცენაზე 2022 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი უშუალო ჩართულობით, მთავრობის ფორმირება. ისინი ღიად ჩაერთნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში, საბაბად გამოიყენეს ამისათვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. ანუ რეალურად, ერთმა სუბიექტმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და იგივე სუბიექტის მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა ამის გამო მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის დაკომპლექტება. შემდეგ იყო რევოლუციის არაერთი მცდელობა. ამ მცდელობებში ღიად იყვნენ ჩართული გაუმჭვირვალედ დაფინანსებული NGO-ები. გამჭვირვალობამ მოგვცა საშუალება, ყველაფრისთვის ფარდა აგვეხადა, ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაგვერქმია და ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 150-კაციანი ჯგუფი ყოველდღიურად, ერთი წლის განმავლობაში, კეტავდა რუსთაველის გამზირს, სწორედ ამიტომ მოხდა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონის მიღება.

„მივიღეთ კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელმაც მათ ამის საშუალება აღარ მისცა. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, სადაც 150 კაცი, ერთი წლის განმავლობაში, კეტავდა ცენტრალურ გამზირს. მივიღეთ კანონმდებლობა და, შესაბამისად, აღარ მივეცით 150 კაცს იმის შესაძლებლობა, რომ 4 მილიონი ადამიანისთვის შეექმნა პრობლემები. ამის გაუქმებას როცა ითხოვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ყველაფერი დღესავით ნათელია. ამის შემდეგ დაიწყეს რა? როცა ვეღარ კეტავდნენ რუსთაველის გამზირს, დაიწყეს მსვლელობები ტროტუარებზე და ამით უქმნიდა 150 კაცი უკვე პრობლემას 4 მილიონ ადამიანს. ამის წინააღმდეგაც მივიღეთ კანონმდებლობა და ამ ყველაფერმა დაამშვიდა მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. ტროტუარზე დგომა ყველას შეუძლია. 150 კაცს არ შეგიძლიათ, დისკომფორტი შეუქმნათ 4 მილიონ ადამიანს. თორემ ტროტუარზე დგომა ყველას შეუძლია, დამერწმუნეთ, ასე წერია კანონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მიღებული იქნა კანონმდებლობა, რომელმაც დაამშვიდა ქვეყანა და როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს იმ კანონმდებლობის გაუქმებას, რომელმაც ქვეყანა დაამშვიდა, ლოგიკური დასკვნა მარტივია.

„კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა? თუ მათ ქვეყნის არევა უნდათ, რა თქმა უნდა, ამას დავუპირისპირდებით. იგივე ეხება პატიმრებსაც. ვინ არის დაპატიმრებული? - ძალადობაში ჩართული პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში და საბოლოო ჯამში, ჩვენ სწორედ ამ ადამიანების დაპატიმრებამ მოგვცა პრევენციის საშუალება და ის, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა ბევრად უფრო მარტივად აღიკვეთა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდა მოძალადეების დაპატიმრებას.

როდესაც ევროპული ბიუროკრატია მის მიერვე წახალისებული მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვს, ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ კიდევ ერთხელ უნდათ სცადონ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობა. რა თქმა უნდა, ასეთ მცდელობებს დავუპირისპირდებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული არა ამ ბიუროკრატიის წინაშე, არამედ ქართველი ხალხის წინაშე. ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და უნდა დამშვიდებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.