მეტროსადგურ "სარაჯიშვილსა" ე.წ. შეშელიძის ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო

მეტროსადგურ "სარაჯიშვილსა" ე.წ. შეშელიძის ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო

გლდანის რაიონში, მეტროსადგურ "სარაჯიშვილსა" და მინდელის სახელობის (ე.წ. შეშელიძის) ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. ასევე, გარკვეული მიმართულებებით მოძრაობის წესები შეიცვალა. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა. რა თქმა უნდა, მძღოლებს გარკვეული დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ ადაპტირდნენ, ამიტომ გასაგებია ისიც, რომ გარკვეული შეფერხებები იყო.

აღსანიშნავია შემდეგი გარემოებები - მას შემდეგ, რაც ე.წ. ბასლეინი დაიხაზა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება. აქამდე ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ ,,სარაჯიშვილის” მიმართულებით მოძრავ ვტობუსებს მანქანების საცობში უწევდა დგომა, რის გამოც გაჩერებაზე მგზავრების რაოდენობა ორმაგდებოდა. შედეგად, ავტობუსის გაჩერებაზე მისვლის 10-15-წუთიანი ინტერვალის დაცვა ვერ ხდებოდა. მოქალაქეებს, დაახლოებით, 40 წუთი უწევდათ გაჩერებაზე დგომა იმისთვის, რომ ავტობუსში ასულიყვნენ. ცხადია, ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყვნენ მგზავრები, ვინც დიდი დიღმიდან „სარაჯიშვილამდე“ გადაადგილდებოდნენ შემდგომი გადაჯდომის მიზნით და ასევე, პირიქით. ავტობუსის ზოლის მოწყობის გარეშე ამ ტერიტორიაზე გაზრდილი მგზავრთნაკადის შეფერხებების გარეშე გადაყვანა ვერ მოხდებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ქაოტური მოძრაობა დარეგულირდა, რიგ მიმართულებებზე გაუმჯობესდა კერძო ავტომობილების გადაადგილება. მაგალითად, ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით ავტომანქანით მგზავრობის დრო 8 წუთით შემცირდა, ხოლო 6 წუთით შემცირებულია - ქერჩისა და ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ფეიქრების ქუჩის მიმართულებით.

მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი გრძელდება, პროცესი არ არის დასრულებული და საბოლოოდ ოპტიმალური შედეგი იქნება მიღწეული,"- განაცხადა კახა კალაძემ.