ნინო წილოსანი ვლაქერნობის დღესასწაულზე: საქართველოში გვაქვს ის წმინდა რელიკვია, რაც არის ღვთისმშობლის კვართი. ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში ეს განსაკუთრებული დღესასწაულია

ნინო წილოსანი ვლაქერნობის დღესასწაულზე: საქართველოში გვაქვს ის წმინდა რელიკვია, რაც არის ღვთისმშობლის კვართი. ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში ეს განსაკუთრებული დღესასწაულია

15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. ამ წუთებში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ატარებს.

წირვის დაწყებამდე, დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს. სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით შედგა მსვლელობა. მომლოცველებმა გაიარეს ქალაქის მთავარი გამზირი და წმინდა სამოსელი - ივერიის ღვთისმშობლის ხატი საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

ეკლესიაში იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, მთავრობის წარმომადგენლები. საგანგებოდ დღესასწაულისთვის ზუგდიდში ჩასულია იერუსალიმის საპატრიარქოს მიტროპოლიტი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საქართველოში გვაქვს ის წმინდა რელიკვია, რაც არის ღვთისმშობლის კვართი. ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში ეს განსაკუთრებული დღესასწაულია. დღეს დიდი დღეა მთლიანად ზუგდიდისთვის და სამეგრელოსთვის, რადგან დღევანდელ წირვას ჩვენი ახალი პატრიარქი ატარებს და რა თქმა უნდა, მთლიანად, ქრისტიანული სამყარო ზეიმობს ღვთისმშობლის დღესასწაულს," - აცხადებს ნინო წილოსანი.

სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

"ეს არის იმ ზეიმის გამორჩეული განწყობა, რომელიც აქვს აბსოლუტურად სრულიად საქართველოს, მაგრამ ეს მაინც გამორჩეულად ზუგდიდში იგრძნობა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ზუგდიდს, ვულოცავ სამეგრელოს, ვულოცავ სრულიად საქართველოს და ეს დღე კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს იმ ჩვენს სულიერებასთან, რწმენასთან მიმართებით არსებულ გამორჩეულ დამოკიდებულებას, რაც ქართველებს გააჩნიათ ქრისტიანობის მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა დღევანდელი დღით სწორედ ამ გამორჩეულ ამბავს,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.