ჟინვალი-ფასანაურის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო

ჟინვალი-ფასანაურის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ37-კმ56 მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არყალას ხიდიდან ხანდოს ხევის ხიდამდე მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი ორ მონაკვეთად ხორციელდება და ითვალისწინებს გზის საფარის სრულ განახლებას, 10 ხიდის რეაბილიტაციას, წყალგამტარი მილების, საყრდენი და ნაპირდამცავი კედლების, ავტობუსის გაჩერებების, საგზაო ნიშნების, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობასა და გზის მონიშვნას.

მინისტრმა სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი. კონტრაქტორ კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა მკაფიო მითითება, დააჩქაროს სამუშაოები და უზრუნველყოს პროექტის ხარისხიანად და დადგენილ ვადებში შესრულება.

სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამუშაოების მიმდინარეობაზე მკაცრ მონიტორინგს გააგრძელებენ და თუ უახლოეს პერიოდში არ შესრულდება მიცემული მითითებები, დეპარტამენტი დაიწყებს ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 66.8 მილიონ ლარს შეადგენს.