აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 34 პროექტზე ხელშეკრულებები გაფორმდა

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 34 პროექტზე ხელშეკრულებები გაფორმდა

სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 34 პროექტზე ხელშეკრულებებია გაფორმებული. პროექტების ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება 9,17 მლნ ლარს შეადგენს. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

დაფინანსებული პროექტები მოიცავს მსხვილფეხა პირუტყვის მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრე მეურნეობების, სასათბურე მეურნეობებისა და აკვაკულტურის საწარმოების გახსნას, სასაკლაოს მოწყობას, შემნახველი საწარმოების შექმნასა და მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას.

დამატებით 13 განაცხადის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 6,6 მილიონ ლარს შეადგენს.

2026 წლის 1 ივლისიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში 130 განაცხადია შეტანილი. წარმოდგენილი პროექტების ჯამური ღირებულება 77 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამაში განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ როგორც ელექტრონული, ისე წერილობითი განცხადების ფორმით.

პროგრამაში ჩართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად არის შესაძლებელი და მოიცავს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვას, ასევე პროექტის განხორციელების ადგილზე საველე ვიზიტს. განხილვის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ვერ დააკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს, ხარვეზების გამოსწორებისა და მოთხოვნების გათვალისწინების შემდეგ, ხელახლა შეიტანოს განაცხადი.

ბიზნესგეგმის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ქვეკომპონენტში. პროგრამის სხვა სფეროებში განაცხადის შესატანად საკმარისია მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა.

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წახალისება, აგრობიზნესის განვითარება და წარმოების ხელშეწყობა. სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევთ, რომ განახორციელონ ახალი საინვესტიციო პროექტები, გააფართოონ არსებული საქმიანობა და გაზარდონ საწარმოო შესაძლებლობები.