ირაკლი ფავლენიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმები არ ჩერდება, ასეთ პირობებში ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ „ოპოზიციურ ალიანსში“ საქმიან ურთიერთობებზე
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმების გამო, „ოპოზიციურ ალიანსში“ საქმიანი გარემო არ არის შექმნილი.
ფავლენიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ ისაუბრებს, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ალიანსის სხვა წევრებს შორის.
„ალიანსში საქმიანი გარემო არ იყო შექმნილი, გარკვეული, ასე ვთქვათ, თავდასხმების გამო, რომლებიც არ წყდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვართ თანამშრომლობისთვის განწყობილი, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, თუმცა როდესაც არ არის ასეთი გარემო, ვერაფერს გავხდებით ამ ეტაპზე. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებთან არ ვაპირებთ კომუნიკაციას. ვიცით, რა გამოწვევები არსებობს, რა მდგომარეობაა, ამიტომაც ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ და რანაირად გაგრძელდება ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ალიანსის სხვა წევრებს შორის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავდასხმები არ ჩერდება, გრძელდება. შეგიძლიათ, ყოველდღიურ რეჟიმში გადახედოთ, თუნდაც სოციალურ ქსელებში მათ პოსტებს. ასეთ პირობებში, როდესაც თავდასხმები არ წყდება, ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ საქმიან ურთიერთობებზე“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.