თამარ იოსელიანი – ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს

თამარ იოსელიანი – ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.

მისი თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Port Consultants Rotterdam-თან, რა დროსაც მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები, ასევე შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, პოტენციური ინფორმაციული დანაკლისის იდენტიფიცირება და ძირითადი რისკების შეფასება.

„დღეს შეხვედრა გვქონდა როგორც ჩვენს კონსულტანტთან, რომელიც მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის განახლებაზე, ასევე იმ კომპანიასთან, რომელმაც მოამზადა ის დეტალური დიზაინი, რომლითაც ახლა მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანნავსადგურში იმისათვის, რომ აშენდეს შესაბამისი ტალღმჭრელი და დაღრმავდესსიღრმე 18 მეტრამდე.

გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, თუ როგორ უნდა განახლდეს არსებული გენგეგმა იმისათვის, რომ ეფექტიანად იყოს გამოყენებული, სრულად ათვისებული ის ტერიტორია, რომელიც გამოყოფილია ანაკლიის ნავსადგურისთვის და შესაბამისად დაიგეგმოს იმ პარამეტრებით, რომ იყოს წარმატებული და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება დამოკიდებულია სწორად დაგეგმილ გენგეგმასთან, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ნიდერლანდებში ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.