რუსთავში სპორტის ქუჩაზე არსებულ ისტორიულ შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში სპორტის ქუჩაზე არსებულ ისტორიულ შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ძველი რუსთავის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში - ისტორიული სპორტის N2-ის საცხოვრებელი შენობის რესტავრაცია, არქიტექტურული იერ-სახის სრული შენარჩუნებით ხდება.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

„ძველი რუსთავის რესტავრაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის პარალელურად, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავში ახორციელებს და რომელიც 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, ავთენტური იერ-სახის შენარჩუნებით ითვალისწინებს, აქტიურად ვაგრძელებთ კორპუსების რეაბილიტაციის სხვა პროექტებსაც. ძველი რუსთავის ერთ-ერთი კოლორიტული შენობის, სპორტის N2 საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია, თითქმის დასრულების ეტაპზეა. პარალელურად ვმუშაობთ თბილისის, მესხიშვილის, ლერმონტოვის და რუსთაველის ქუჩებზეც, სადაც ისტორიული უბნის რესტავრაცია უკვე დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სპორტის N2-ის ფასადის განახლების გარდა, გათვალისწინებულია კორპუსის გადახურვა, მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრების და დეკორატიული აივნების მოწყობა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

„რუსთავში, ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ პროცესში, მნიშვნელოვანი ყურადღება ქალაქის ძველი, ავთენტური იერ-სახის შენარჩუნებას ეთმობა. მიმდინარე პროექტებიც სწორედ ამ მთავარი პრინციპის დაცვით დაიგეგმა და ხორციელდება. არქიტექტურული სტილის დაცვით ხდება ერთ-ერთი ისტორიული შენობის, სპორტის N2 საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია. პარალელურად, აქტიურ ფაზაშია ძველი რუსთავის რეაბილიტაციის უპრეცედენტო პროექტიც, რომელიც 100 საცხოვრებელი შენობის რესტავრაციას და მიმდებარე ტერიტორიაზე, მასშტაბური, რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითვალისწინებს“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

სპორტის N2 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტის ღირებულება 2 016 133 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები თბილისის, მესხიშვილის, ლერმონტოვის და რუსთაველის ქუჩებზე, სადაც ისტორიული უბნის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. დაწყებულია ძველი რუსთავის რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტიც, რომელიც 12 ქუჩაზე განლაგებული 100 საცხოვრებელი შენობის რესტავრაციას და 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითვალისწინებს.