4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთ პირს, რომელმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადა, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთ პირს, რომელმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადა, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 11 პირის მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ერთწლიან საპატიმრო სასჯელსა და სამწლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს. ხოლო, ერთ-ერთ პირს, საბა კორძაიას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, წელიწადი და ექვსი თვით საპატიმრო სასჯელი და სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. პროკურორის განცხადებით, ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებული იყო.

ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ გიორგი კირვალიძეს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, საბა კორძაიასა და კობა ეპიტაშვილს.

მათ რამდენიმე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი ბრალი. ესენია: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული.