4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი, რომლის დაკავების შესახებაც სუს-ში დღეს განაცხადეს, ბექა ჭულუხაძეა
4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი, რომლის დაკავების შესახებაც სუს-ში დღეს განაცხადეს, ბექა ჭულუხაძეა.
ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.
მას ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.
როგორც სუს-ში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, ძებნილი პირი საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.
ცნობისთვის, გასული წლის 4 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.
გამოძიების მიხედვით, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთ ხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს, საჭიროების შემთხვევაში, დივერსია უნდა მოეწყოთ. სუს-ის ინფორმაციით, გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ.
დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. მეორე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.