პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდებს, ყველა მათგანი დათანხმდეს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, საკუთარი გათავისუფლების საკითხს ვერ განიხილავს, სანამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალი არ იქნება. ის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს სთხოვს, მაგალითი მისცეს ყველას და საპროცესო შეთანხმებას დათანხმდეს.
„4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდებაა ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან. განსაკუთრებით მივმართავ აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს, რომელმაც 4 ოქტომბერს გაზის სპრეის მძიმე შედეგებისგან გადამარჩინა. როგორც პატივსაცემ და უხუცეს პატიმარს, ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. რაც შემეხება მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს.“ - აღნიშნულია პაატა ბურჭულაძის მიმართვაში.