გავიდა ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ არ შეიძლება ძალადობა და რევოლუციის მოწყობა - ლევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის მოვლენებზე
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე, ერთი წლის შემდეგაც, ევრობიუროკრატების მხრიდან არანაირი რეაგირება და გამოხმაურება არ ყოფილა.
"ეს იყო მორიგი რევოლუციური მცდელობა, რომელიც ანონსდებოდა რამდენიმე თვით ადრე და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირმა სოლიდარობა აღუთქვა და ირიბად წაახალისა ქართველი მოძალადეები იმისთვის, რომ რევოლუცია მოეწყოთ საქართველოში. გავიდა უკვე ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ მინიმუმ ის თქვან, რომ არ შეიძლება ძალადობა და არ შეიძლება რევოლუციის მოწყობა. იმაზე არც არის საუბარი კიდევ, რომ ბოდიში მოიხადონ იმაზე, რომ თვითონ წაახალისეს ეს ყველაფერი, ხომ? - შესაბამისად, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, რომ ეს ძალები არიან დაკავშირებული მთლიანად ექსტრემიზმთან და რადიკალიზმთან და მათ უნდა გამოიტანონ მინიმუმ ის დასკვნა (რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი), რომ ასე პოლიტიკური დღის წესრიგის გაგრძელება არ შეიძლება," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
2025 წლის 4 ოქტომბრიდან ერთი წელი გავიდა. ძალადობრივ მოვლენებს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ იხსენებს და აცხადებს, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ. ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ. ამ თემაზე გუშინ ვრცელი წერილი და ვიდეომასალა გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, "საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი არჩევნებით და არა შტურმით, რაც ოთხმა ოქტომბერმა დაადასტურა".