დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა

დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა

არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. საუკეთესო სავარძლები ავირჩიეთ. გვექნება კომფორტული, ძალიან კარგი მოძრავი შემადგენლობები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზაზე არ ყოფილა, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.

მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზას უახლოეს პერიოდში კომფორტული და თანამედროვე მოძრავი შემადგენლობები ეყოლება. კომპანია 10 ახალ სამგზავრო მატარებელს შეიძენს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს არსებული ხუთი მატარებლის კაპიტალური შეკეთება.

საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალი რისკის ადგილებში ლიანდაგების გასწვრივ დამცავი ღობეების მონტაჟზე, როგორც სარკინიგზო ლიანდაგის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების პრევენციის საშუალებაზე. 

დაჩი ცაგურიას განმარტებით, ლიანდაგის გადაკვეთა კატეგორიულად აკრძალულია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ, რომ ლიანდაგზე გადასვლა, გადაკვეთა, სიარული, სეირნობა, სურათებისა და ვიდეოების გადაღება კატეგორიულად აკრძალულია. ეს არის ძალიან სახიფათო და ყველას ვთხოვთ, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.