საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.