ირაკლი ქადაგიშვილი ბესარიონ ხარძიანის საქმეზე: ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მძიმე პერიოდს, როდესაც ბიზნესი აბსოლუტური ტერორის ქვეშ იყო
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ხარძიანის საქმე ბიზნესის ტერორის, ზეწოლისა და შანტაჟის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისთვის.
„იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი კრიმინალური ქმედება იყო, როდესაც ხდებოდა ბიზნესმენებზე ზეწოლა, დაპატიმრება. კარგია, რომ სასამართლო და სამართალი, ცოტა დროში გაწელილად, მაგრამ სამართლიან გადაწყვეტილებამდე მიდის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მძიმე პერიოდს, როდესაც ბიზნესი აბსოლუტური ტერორის ქვეშ იყო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.