კვლევა: გერმანელების 51% ლტოლვილებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვას ემხრობა
გერმანელების ნახევარზე მეტი ლტოლვილებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვის მომხრეა. ამ ზომას მხარი გერმანიის გამოკითხული მცხოვრებლების 51%-მა დაუჭირა. რესპონდენტთა 62%-ს მიაჩნია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრანტთა დიდ ნაწილს რეალურად არ სჭირდება დაცვა და ისინი უფრო მეტად ეკონომიკურ შესაძლებლობებს ან სოციალურ სიკეთეებს ეძებენ, - იტყობინება სოციოლოგიური ინსტიტუტის, Ipsos-ისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
ამავდროულად, გერმანელთა 69% მხარს უჭერს ადამიანების უფლებას, ეძებონ თავშესაფარი ომისა თუ დევნისგან სხვა ქვეყანაში. Ipsos UK-ის დირექტორი, ტრინ ტუ ამ წინააღმდეგობას იმით ხსნის, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანები ზოგადად მხარს უჭერენ ლტოლვილთა დაცვას, თუმცა, ამავე დროს, სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესის პრაქტიკულ რეალიზებას.
გერმანელთა მხოლოდ 30%-ს მიაჩნია, რომ მიგრანტები გერმანიაში წარმატებულ ინტეგრაციას გადიან, ხოლო მხოლოდ 35% აღიარებს მათ პოზიტიურ წვლილს საზოგადოებაში.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლტოლვილთა მიღების მიმართ ყველაზე დიდი მხარდაჭერა შვედეთსა და ნიდერლანდებში (78%) ფიქსირდება, რომელთაც ესპანეთი (76%) მოსდევს.