ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
16 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, 782 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 169 776 ლარი შეადგინა.
6 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.