საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა - ეროვნული ბანკი
საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს, საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 2.4-ჯერ გაიზარდა და 546 მილიონ ლარს მიაღწია.
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარზე, ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში, 11 აქტივების მმართველი კომპანია და 24 საინვესტიციო ფონდი იყო წარმოდგენილი.
დიაგრამა: საინვესტიციო ფონდები და აქტივების მმართველი კომპანიები

საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე იწყებს საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობის შესახებ ინდივიდუალური მონაცემების გამოქვეყნებას. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. აღნიშნული მონაცემები ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით დამტკიცებული "საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის" შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონი და ეროვნული ბანკის მიერ მის საფუძველზე შემუშავებული ჩარჩო არეგულირებს. ჩარჩო ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული.