ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ასეთი ფობიები არანაირად არ ემსახურება არც დეოკუპაციის მიზანს, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას

ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ასეთი ფობიები არანაირად არ ემსახურება არც დეოკუპაციის მიზანს, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას

ასეთი ფობიები არანაირად არ ემსახურება არც დეოკუპაციის მიზანს, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით.

ქადაგიშვილის თქმით, პირიქით, ეს ყველაფერი ემსახურება არამხოლოდ ეკონომიკური პრობლემების შექმნას, არამედ ემსახურება სწორედ რუსეთთან ესკალაციის საფრთხის გაჩენას.

„არ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე გინდაც პოლიტიკოსს, გინდაც ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს არ ესმოდეს, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი. ამ შეკვეთის გამცემებს და შემსრულებლებს კარგად ესმით რასაც აკეთებენ, მაგრამ სახელმწიფოს და ხელისუფლების გზავნილი მიმართულია სწორედ ჩვეულებრივი ჩვენი თანამოქალაქეებისკენ. რა თქმა უნდა, აგრესია და ოკუპაცია ყველასთვის აბსოლუტურად მიუღებელია, აქ ხომ არ შეიძლება ასეთი ბანალური კითხვების დასმა, მაგრამ უნდა გვესმოდეს კარგად, ემოციური ფონის შექმნა, ხშირ შემთხვევაში ფობიების გაღვიძებით აღწევენ ხოლმე კონფრონტაციით დაინტერესებული ძალები ასეთი კონფრონტაციული სიტუაციის შექმნას“, - აღნიშნა მან.