საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ნაკრებმა ფინალში ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 27:19 დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართულმა გუნდმა „Grandpas-მა“, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 33:31 სძლია.
„ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ვარძელაშვილი (საქართველოს ნაკრები) გახდა, დაცვის საუკეთესო მოთამაშე - სტოიჩო მიტევი (ბულგარეთი), ხოლო შეტევის საუკეთესო მოთამაშე - კონსტანტინე ჩიკვატია (საქართველო).
„შავი ზღვის თასი“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობას ექვსი ქვეყნის ნაკრები გუნდები იღებდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.