საქართველოში შვეიცარიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
მიმდინარე წლის 27 აგვისტოს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
„შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა დაადასტურა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების განმტკიცებაში.
ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.