ირაკლი კობახიძე: იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა
იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო საქართველოში მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ომის დაწყებიდან პირველ დღეებში აბსოლუტურად გაუგებარ აქციებს აწყობდნენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ომის დაწყების კონტექსტში.
„ეს ყველაფერი იყო მოღალატეობრივი ქმედებები, ისინი უერთდებოდნენ მოთხოვნას სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით, მიესალმებოდნენ უცხო ქვეყნის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უპირისპირდებოდა საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, პატრიოტულ პოზიციას. ამ ყველაფრით გაიშიფრა მათი რეალური განზრახვა. თქვენ იცით, რომ იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო საქართველოში მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, მაგრამ ცდა არ დააკლეს იმისათვის, რომ ქვეყანა რამენაირად ჩაეთრიათ კონფლიქტში, ჩაეთრიათ ომში და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების და რაც მთავარია, ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და მისცა ღირსეული განვითარების საშუალება.
აბსოლუტურად ვეთანხმები ლევან მაჭავარიანის პათოსს, მისი გზავნილის შინაარსს, რა თქმა უნდა, მთელი მათი ქმედებები, რაც დაკავშირებული იყო ომთან, იყო მოღალატეობრივი. ჩვენ არაერთხელ დავსვით კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას არ აკეთებდა უკრაინასთან მიმართებით საქართველო ისეთს, რაც უნდა გაეკეთებინა და ამაზე ვერ მივიღეთ ვერავითარი პასუხი, საიდანაც მარტივად გამოჩნდა, რომ მათი ყველა ქმედება იყო აბსოლუტურად სპეკულაციური, ნაკარნახევი იყო გარე ინტერესებით და ემსახურებოდა არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.