თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კახეთში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და საჰაერო ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის შიდა საჰაერო დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, რეგიონებს შორის გადაადგილების შესაძლებლობების გაფართოებას, ასევე კახეთში ტურისტული და საქმიანი ნაკადების ზრდას.

ახალი ტერმინალის არქიტექტურული კონცეფცია „ხმალაძე არქიტექტორებმა“ შეიმუშავა, რომელმაც შესაბამის კონკურსში გაიმარჯვა. პროექტი თანამედროვე და ფუნქციური სამგზავრო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. არქიტექტურულ გადაწყვეტაში კი გათვალისწინებულია კახეთის გარემო და რეგიონისთვის დამახასიათებელი თავისებურებები.

თელავის აეროპორტის განვითარება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის პარალელურად მიმდინარეობს. ორივე პროექტი საქართველოს რეგიონული აეროპორტების განვითარების ერთიანი ხედვის ნაწილია და მათი ქვეყნის ერთიან საავიაციო ქსელში ინტეგრირებას ემსახურება.

სატენდერო წინადადებების წარდგენა 25-იდან 29 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.