გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას dpa ავრცელებს.
ვადეფულის თქმით, რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირმა იმის მიზეზად უნდა განიხილოს, რომ დაფიქრდეს, როგორ გახდეს ბლოკი პოტენციური ახალი წევრებისთვის უფრო მიმზიდველი.
„ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ ერთად უფრო გავძლიერებულიყავით“, - განაცხადა გერმანიის პირველმა დიპლომატმა ტუნისში ვიზიტის დაწყებამდე.
dpa-ს ინფორმაციით უქმეებზე გამართულ რეფერენდუმზე ისლანდიელთა უმრავლესობამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ატლანტის შორეულ კუნძულოვან სახელმწიფოს შორის გაწევრიანების მოლაპარაკებები 13 წლის წინ შეწყდა, ძირითადად მეთევზეობის სექტორთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. თევზჭერა ისლანდიის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა.
„თავისთავად ცხადი არ არის, რომ ყველას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ვფიქრობ, ეს გვაძლევს მიზეზს, დავფიქრდეთ, სად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ვითარება და როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ეხება იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ.
„კვლავ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ჩრდილოეთით გაფართოების მიზანი მხედველობიდან არ უნდა დავკარგოთ. ეს, ბუნებრივია, ისლანდიას მოიცავს, თუმცა ამ პროცესში ნორვეგიაც შეიძლება იყოს ჩართული“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.