ესტონეთმა გვიან ღამით დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, გვიან ღამით დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო განგაში გამოცხადდა, რის შედეგადაც ესტონეთში მდებარე ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავების აფრენა გახდა საჭირო.
„ღამით ესტონეთის რამდენიმე რაიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც დრონები ჩვენს საზღვართან ახლოს გადაადგილდებოდნენ და ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. საპასუხოდ, ემარის საავიაციო ბაზიდან ნატოს გამანადგურებლები აფრინდნენ. მოგვიანებით ესტონეთის თავდაცვის ძალებმა საჰაერო განგაში გააუქმა“, - დაწერა ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში.
მისი თქმით, ნატომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სწრაფად იმოქმედა. გარდა ამისა, ცაჰკნა მომხდარს რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს.
„ნატომ სწრაფად და ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც დაგეგმილი იყო. ალიანსი ფხიზლადაა და მზად არის მოკავშირეების ტერიტორია დაიცვას. მსგავსი ინციდენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირდაპირი შედეგია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, რათა მან აგრესია შეწყვიტოს“, - დასძინა მან.