საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან - ასეთი ბრალდებები წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას
ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „ფორმულა” მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ ასეთი ბრალდებების ფაქტად გავრცელება სცდება ჩვეულებრივი ჟურნალისტური შეცდომის ფარგლებს და წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ უპასუხისმგებლო და დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას.
„ამასთან, გავრცელდა სპეკულაცია თითქოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენება საქართველოს საზღვაო სივრცე ან ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო. თანამედროვე საზღვაო ნაოსნობაში დიდი ზომის გემის გადაადგილება, მათი ნავსადგურში შესვლა ან ტვირთის გემიდან გემზე გადატანის (STS) ოპერაცია არ არის პროცესი, რომელიც მხოლოდ ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის (AIS) დროებითი გათიშვით შეიძლება დაიფაროს. ასეთი ოპერაცია დაკავშირებულია მრავალ ტექნიკურ მონაცემთან, რომელთა ერთობლივი ანალიზი შესაძლებელს ხდის რეალური სურათის დადგენას. AIS სიგნალის არარსებობა კი არც ნავსადგურში შესვლას ადასტურებს და არც სანქციების გვერდის ავლის ფაქტს, როგორც ამას ტელეკომპანია "ფორმულა" ამტკიცებს.
ასევე სპეკულაციურია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მსხვილი ტანკერების ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურებში ფარული ოპერირების შესახებ.
აფხაზეთის სანაპირო ზოლს არ გააჩნია მსგავსი ზომისა და ტიპის მსხვილი გემების უსაფრთხოდ მიღებისა და სრულფასოვანი მომსახურებისთვის საჭირო შესაბამისი საპორტო ინფრასტრუქტურა, ხოლო ტვირთის გემიდან გემზე გადატანის ოპერაციის შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა მეორე გემის არსებობა, მისი შესაბამისი გადაადგილება და ა.შ
საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სისტემა ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მისი საერთაშორისო რეპუტაცია კი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს.
ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ, ცალკეული AIS მონაცემებისა და არაკომპეტენტური ინტერპრეტაციების საფუძველზე ასეთი ბრალდებების ფაქტად გავრცელება, საქართველოს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლასთან უსაფუძვლოდ დაკავშირება, ქვეყნის ნავსადგურებისა და საზღვაო სატრანსპორტო სისტემის მიმართ ეჭვის ხელოვნურად გაჩენა სცდება ჩვეულებრივი ჟურნალისტური შეცდომის ფარგლებს და წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ უპასუხისმგებლო და დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.