სულხან თამაზაშვილი: თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული
თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქ კოლეგასთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს და ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოებასა და მოქალაქეების დაცვას უკავშირდება.
„კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს თურქ კოლეგას და დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მჯერა, რომ საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული მჭიდრო კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება“ - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - მუსტაფა ჩიფთჩი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.