ვახტანგ ცინცაძე: სექტემბერში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დადასტურდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ასევე რეკორდულია იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლები
სექტემბერში, სექტემბრის თვის ჭრილში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დადასტურდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით ექსპორტი 19%-ზე მეტად არის გაზრდილი და 6,1 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები განიხილა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე რეკორდულია 2026 წლის იანვარ-სექტემბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 9%-ზე მეტადაა გაზრდილი და 20 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საგარეო ვაჭრობაში გამოვლენილი ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებისა და ზოგადად, ქვეყანაში წარმოების გაფართოებისკენ.
„აღნიშნული ასევე ადასტურებს იმ პოლიტიკის სისწორეს, რომელიც მიმართულია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენ და ზოგადად, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ. ეს გამოიხატება იმ შესაძლებლობაში, რომელსაც საქართველო აძლევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებს, რათა გაიტანონ პროდუქცია ექსპორტზე როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის უმსხვილეს ბაზარზე და სხვა რეგიონული ქვეყნების ბაზრებზე, ტარიფების გარეშე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნული უპირატესობა მონაცემებზე აისახება და შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მხრივ რეკორდული მაჩვენებლები და მზარდი დინამიკა დასტურდება.