ლევან მახაშვილი გვარამიას განცხადებაზე: საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პატიებაზე, შერიგებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ როცა ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას
საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პატიებაზე, შერიგებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ როცა ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას, - ასე ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ზიზღს თესავდა.
„როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც ზიზღს და შურისძიებას თესავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან და ოპოზიციაშიც იგივე აკეთებენ. მათი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ თუკი იმედი არსებობს შერიგების, მშვიდობიანი დარეგულირების, ყველა იმედი მოკლან, ყველანაირი პერსპექტივა ჩაახშონ და ამ ქვეყანას არ ჰქონდეს არანაირი პერსპექტივა გაერთიანების“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.