კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს "იმერმედი" - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმა.
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, სააგენტომ კომპანიისგან ინფორმაცია გამოითხოვა. ეკონომიკურმა აგენტმა სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარუდგინა და უწყებასთან არ ითანამშრომლა. მოგვიანებით, კომპანიამ სააგენტოს განმეორებითი მოთხოვნაც უგულებელყო.
შესაბამისად, ეკონომიკური აგენტი ორჯერ, ჯამში 8 000 ლარით დაჯარიმდა.
კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ეკონომიკური აგენტისგან გამოითხოვოს საჭირო, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაცია და განსაზღვროს მისი მიწოდების გონივრული ვადა.
სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, აგრეთვე სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, იურიდიული პირი 3 000, ხოლო ფიზიკური პირი 1 000 ლარით ჯარიმდება. ჯარიმის დაკისრება პირს მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
ამასთან, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს დამატებით 5 000 ლარის, ხოლო ფიზიკურ პირს - 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება.