ლევან მახაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით
საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით, - ასე ეხმიანება ირაკლი კირცხალიას განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
მისი თქმით, არანაირი გზა, არც ერთი მიმართულებით, არ გადის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.
„ის ორგანიზებული კამპანია, რაც წარმოებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს არის მცდელობა ახალი დაპირისპირების კერების გაჩენის კავკასიაში, მოუშუშებელი იარების და კონფლიქტის ხელოვნურად გაღრმავების მცდელობა. ასევე არის ყოვლად აღმაშფოთებელი ის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა პირაპირ, თუ ირიბად დააკავშირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან.
ამაზე პოზიცია არის ძალიან მკაფიო - არანაირი გზა, არც ერთი მიმართულებით, არ გადის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. საერთოდაც, საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით“, - აღნიშნა მახაშვილმა.