გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს, რომელიც წარმოშობს ენერგეტიკული სატრანზიტო გზების სტაბილურობის უზრუნველყოფის საყოველთაო ინტერესს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა, რომელმაც ფორუმზე განსახილველ თემებზე და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე საქართველოს პარლამენტს ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან მსოფლიო ფორუმზე, რომელიც განიხილავს ენერგეტიკის რეგულირების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
საქართველო პირველად მასპინძლობს ენერგეტიკის საკითხებზე ამ მასშტაბის საერთაშორისო ფორუმს, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის ხელისუფლების ერთგულებას სატრანზიტო კომუნიკაციების განვითარების საერთო ინტერესებისადმი, ამასთანავე, მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკის სფეროს მართვის რგოლების კომპეტენტურობაზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოება, მდგრადობა, რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სამართლიანი ტრანზიცია, საერთო ინტერესის გარდა ერთობლივ პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს.
„ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ვიმსჯელოთ ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათზე ერთობლივი რეაგირების მექანიზმები ჩამოვაყალიბოთ. ეს ფორუმი კაცობრიობის უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანების მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
დღევანდელი მსოფლიო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების მტკივნეულ პროცესს გადის. ამ ვითარებაში, ყველას, ენერგეტიკის დარგის ექსპერტს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, კარგად ესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, უსაფრთხო სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარება, ახალი მარშრუტების გაძლიერება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გიორგი ვოლსკის შეფასებით, საქართველოში ფორუმის მოწვევას ქვეყნის უნიკალური გეოსტრატეგიული მდებარეობაც განაპირობებს. მისი თქმით, საქართველო - ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი და „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი ნაწილია, ხელისუფლების პოლიტიკა კი თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს, რომელიც წარმოშობს ენერგეტიკული სატრანზიტო გზების სტაბილურობის უზრუნველყოფის საყოველთაო ინტერესს.
ჩვენი ამოცანაა, საქართველო მეტად ჩავრთოთ რეგიონულ და საერთაშორისო ენერგეტიკულ ქსელებში. ენერგეტიკული პოლიტიკა ისე უნდა იყოს რეგულირებული, რომ ხელს უწყობდეს ინოვაციებს, კონკურენციას, ინვესტიციებს და, ამავე დროს, რაც მთავარია, იცავდეს მომხმარებლების ინტერესებს. დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა აღნიშნულ საკითხებზე გამოცდილების გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ დაგეგმილი შეხვედრები და განხილვა ახალ შესაძლებლობებს შექმნის და ხელს შეუწყობს უსაფრთხო, მდგრადი და ინოვაციური ენერგეტიკული მომავლის მიღწევას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ფორუმს, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგატები და ექსპერტები დაესწრნენ.