ლევან მაჭავარიანი: მიშა სააკაშვილის ფავორიტობისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა იბრძვიან. უკადრებელს კადრულობენ, რაც მათგან არავის უკვირს
"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებასა და კრიზისზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თინა ბოკუჩავამ პარტიის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მანქანაში შეიტყო, რაც ბოკუჩავას მიმართ დამამცირებელი ქმედება იყო.
მაჭავარიანის თქმით, ამის შემდეგ არავის უნდა უკვირდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ადამიანი და მისი უფლებები არაფერს ნიშნავს.
"ხედავთ, როგორი მოვლენები ვითარდება ამ პარტიაში. მიშა სააკაშვილის ფავორიტობისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა იბრძვიან. უკადრებელს კადრულობენ, რაც მათგან არავის უკვირს. როგორ დამამცირებლად მოექცნენ თინა ბოკუჩავას - მანქანაში შეიტყო ახალი თავმჯდომარის ამბავი, ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს აღარ უნდა უკვირდეს, როგორ დამამცირებლად ექცეოდნენ მოსახლეობას, რამდენად არაფერს ნიშნავს მათთვის ადამიანი და ადამიანის უფლებები.
მათი გამოსწორება ჩვენი საზოგადოების თვალში ვერ მოხდება. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ფსონი დასადებია ახალ სახეებზე, ახალგაზრდებზე, თუმცა, ის ადამიანები, რომელთაც აქვთ რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც რაღაცას წარმოადგენენ სუფთა წარსულით, ნამდვილად არ სურთ, რომ ასოცირებულები იყვნენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან," რადიკალურ ოპოზიციასთან და, მით უმეტეს უშუალოდ "ნაცების" დედა პარტიასთან," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.