81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000 ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ქონების გადასახადისგან 81 ათასი ოჯახი გათავისუფლდება.
დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
აღნიშნული ცვლილება იმ ქონების გადასახადზე გავრცელდება, რომლის დეკლარირება, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს.