ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენასთან ბრძოლაზე: არაერთი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოებს, დაწყებულია პროცესები. მთავარი მიზანია, ჯანსაღ დისკუსიას შეეწყოს ხელი საჯარო სივრცეში
თბილისის საქალაქო სასამართლოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებული კიდევ ორი პროცესი გაიმართა.
ერთ-ერთი კანონდამრღვევი ონლაინ სივრცეში რეზო კიკნაძის, მეორე კი მამუკა მდინარაძის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სიძულვილის ენასთან ბრძოლას აქტიურად აგრძელებს. როგორც მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, აზრის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, რეაგირება კი ხდება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს უხამსობას და ლანძღვა-გინებას.
"სამმართველო აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებს და მუშაობს ამ მიმართულებით. არაერთი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც უკვე გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოებს ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, დაწყებულია პროცესები.
ხედავთ, რომ სხვადასხვა მიმართულებით ხდება რეაგირება, საუბარია ისეთი ტიპის ქმედებებზე, სადაც ადგილი აქვს ლანძღვას, გინებას, სხვადასხვა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს კონკრეტული ადამიანების მიმართ და სასამართლო იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რასაც წარუდგენს შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, ხდება რეაგირება.
მთავარი მიზანი არის ის, რომ ჯანსაღ დისკუსიას შეეწყოს ხელი საჯარო სივრცეში და ის ზღვარგადასული სხვადასხვა ტიპის შეურაცხმყოფელი ქმედებები, გამონათქვამები, ის უცენზურო, უწმაწური სიტყვები, რომლებიც გამოიყენებოდა ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმისთვის, ამის პრევენცია მოხდეს საჯარო სივრცეში", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.