თაზო დათუნაშვილი - საბრალო შესახედია, მიხეილ სააკაშვილი, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის
ტალახის სროლა არაფრის მომტანია და დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს. ძალიან საბრალო შესახედია, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორია, იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: „ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, „ახალი“ თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად“.
„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თავის საქმეში იყვნენ წარმატებულები. სააკაშვილმა კი ჯერ ეს ქვეყანა ჩააბარა რუსებს და ივანიშვილს, შემდეგ საკუთარი თავი და შუაში რამდენჯერმე ჩამოშალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთ დროს „ვარდების რევოლუციის“ ფლაგმანი. სააკაშვილს პერიოდულად გამონათებები აქვს საღი აზრის, ერთ-ერთი ასეთი გამონათების დროს ნათქვამი აქვს: „სხვისი ლანძღვით პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ დააგროვებს“. მის ამ ფრაზას ვეთანხმები და პერიოდულად საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს ხოლმე. ვიცი, რამდენად აფასებს საკუთარ თავს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.