პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ისარგებლა დაზარალებულთან ახლო ურთიერთობით და მას თითქოსდა საერთო ბიზნესსაქმიანობის დაწყების მიზნით შესთავაზა სამშენებლო კომპანიის შესყიდვა მიწის ნაკვეთით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის შეთანხმებული პროექტით და ნებართვით. ასევე დაზარალებულს თავისი კავშირების და ,,გავლენიანი ნაცნობების“ მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა.
ბრალდებულმა ისარგებლა დაზარალებულის ნდობით და 350 000 ლარი მოტყუებით გამოართვა, სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.