„დოიჩე ველე“: უნგრეთი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას ბლოკავს, მიზეზი უკრაინაში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემებია
უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოთხი კლასტერის გახსნას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს, რადგან უკმაყოფილოა კარპატეთში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის საკითხზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებით. ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები დამატებით მოთხოვნებს არ აყენებენ, – ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ ანონიმურობის პირობით, ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენელმა განუცხადა.
წყაროს ცნობით, უნგრეთი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების დაბლოკვის ერთადერთი მიზეზი უკრაინაში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობებბის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემებია.
დიპლომატის განცხადებით, უნგრელი მომლაპარაკებლები აცხადებენ, რომ უკრაინაში ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონის განხორციელების მიმართულებით უფრო მეტ პროგრესსა და კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან.
„ასე ხდება ორმხრივ ურთიერთობებში. ერთი მხარე ამბობს: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“. მეორე კი პასუხობს: „არა, მეტის გაკეთება გმართებთ“. უნგრელები უკმაყოფილო არიან, თუ როგორ წყდება უნგრული ეროვნული უმცირესობის პრობლემები და ეს საკითხი ბრიუსელში უმაღლეს დონეზე გააქვთ“, – განმარტა დიპლომატმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების კლასტერების დაბლოკვა უნგრეთის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.
„უნგრელი დიპლომატები, რომლებიც ბრიუსელში ბუდაპეშტის ინტერესებს წარმოადგენენ, ბუდაპეშტიდან მიღებულ ინსტრუქციებს ასრულებენ. პრემიერ-მინისტრი თუ ამბობს: „ასე მოიქეცით“, ელჩი იძულებულია, ეს გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს“, – განაცხადა წყარომ.
ცნობისთვის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ექვს თემატურ კლასტერადაა დაყოფილი და ევროკავშირის კანონმდებლობის ყველა სფეროს მოიცავს:
პირველი ორი კლასტერი მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში გაიხსნა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ დარჩენილი ოთხი კლასტერი ტექნიკურად უკვე მზად არის გასახსნელად და უკრაინამ აუცილებელი პირობები შეასრულა.
ევროინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამაც განაცხადა, რომ უკრაინისა და ევროკომისიის მხრიდან ყველა დოკუმენტი უკვე მზად არის, ხოლო დარჩენილი კლასტერების გახსნა ახლა სრულად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მიღწევაზეა დამოკიდებული.