სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის, 85 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის, 85 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის - ნონა გაფრინდაშვილის, 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო „ნონა გაფრინდაშვილი - 85" რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა. ღონისძიებაზე მაყურებელმა მოჭადრაკის ცხოვრების გზა და გამარჯვებების ისტორია ნახა.
საქართველოს და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის ნონა გაფრინდაშვილს გადაეცა გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდო. ჯილდო ლეგენდარულ სპორტსმენს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადასცა. ნონა გაფრინდაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოს პირველი მფლობელია.
საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს ნაწყვეტი რუსთაველის ეროვნული თეატრის სპექტაკლიდან „ვეფხისტყაოსანი“. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთათელაძემ, ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“, თეატრის და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა. წარმოდგენის რეჟისორი იყო გიორგი კაშია, სცენარზე ბასა ჯანიკაშვილმა, თამარ ბალავაძემ და თეა კერვალიშვილმა იმუშავეს, საღამოს კი თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახი კალაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საიუბილეო საღამოს ასევე ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი დოლაბერიძე და ლევან მგალობლიშვილი.
„ჭადრაკის დედოფალი“ მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოჭადრაკეა. სპორტსმენი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი და ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.
ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის. ის ასევე საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის. ლეგენდარული სპორტსმენი 1982 წელს პირველი ქალი გახდა, რომელსაც საჭადრაკო „ოსკარი“ გადაეცა.
მან დიდი როლი შეასრულა დამოუკიდებელი ქართული სპორტის განვითარებაში. ის დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტია. სპორტსმენი ასევე იყო „ფიდეს“ ქალთა კომისიის პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას.