ლევან მახაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ძნელად წარმომიდგენია, რომ წევრმა ქვეყნებმა დათმონ თავიანთი ვეტოს უფლება, თუმცა თუ სხვადასხვა მიზეზით აიძულეს სახელმწიფოები ამ მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლაზე, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი
ძნელად წარმომიდგენია, რომ წევრმა ქვეყნებმა დათმონ თავიანთი ვეტოს უფლება, თუმცა თუ სხვადასხვა მიზეზით აიძულეს სახელმწიფოები ამ მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლაზე, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
საუბარია ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილებაზე. ქვეყნებს ვეტოს დადების უფლება აღარ ექნებათ და კვალიფიციური უმრავლესობით მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება მაგალითად გაფართოებას, სანქციებსა და თავდაცვის პოლიტიკას.
ლევან მახაშვილის თქმით, ევროკავშირი ღალატობს მთავარ ღირებულებას, რომელსაც ის ეფუძნება.
„ევროკავშირი დგას სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობაზე, სხვა სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინებაზე. ეს არის მთავარი ღირებულება და ის უპირატესობა, რატომაც უნდათ წევრ ქვეყნებს ევროკავშირში წევრობა, რომ დაიცვან მათი ინტერესები უკეთესად, თუ ეს უფლება ჩამოერთმევათ მათ და აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვან ამ ფორმით, რა თქმა უნდა ბევრი მათგანი დაკარგავს ევროკავშირში წევრობის სურვილს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.