გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ თორსა-დღვაბაში, ოქროს საწმისის უბანში არსებულ არხში, მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს კობრისა და კარჩხანას სახეობის თევზი.

მათივე ცნობით, ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

„ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერებთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ და მცურავ საშუალებებს. შედეგად, ბრძოლა გახდა კიდევ უფრო მასშტაბური და ეფექტიანი. მიმდინარე წლის 8 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე კი გამოვლენილია 51 სამართალდარღვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.