საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგა იაშარ გიულერთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა კუთხით არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა აღნიშნეს. ხაზი გაესვა ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოება, შავი ზღვის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.