ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. კოლეგებს შორის შეხვედრა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ შუშაში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა იმსჯელეს რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე საქართველოს მზადყოფნაზე, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში ქვეყნების სტრატეგიულ როლზე.

ირაკლი ჩიქოვანმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ორმხრივ ფორმატში თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გეგმის განხორციელების დეტალები განიხილეს. აღინიშნა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხები, ასევე სწავლებაში ქართველი და აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობა.

მხარეებმა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატით ერთობლივი წვრთნისა და სწავლების, ექსპერტთა შეხვედრების მნიშვნელობაზეც ილაპარაკეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი ასევე შეხვდა თურქეთის თავდაცვის მინისტრს იაშარ გიულერს. თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრები სამმხრივი ფორმატითაც გამართეს.

მომავალ წელს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს.