კახა კალაძე – ევროპასთან მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ისე, ვიღაცამ ზემოდან შემოგვხედოს და გაგვიბრაზდნენ სანქციებს რატომ არ მიუერთდით ან მეორე ფრონტი რატომ არ გახსენითო

კახა კალაძე – ევროპასთან მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ისე, ვიღაცამ ზემოდან შემოგვხედოს და გაგვიბრაზდნენ სანქციებს რატომ არ მიუერთდით ან მეორე ფრონტი რატომ არ გახსენითო

მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროკავშირთან ურთიერთობაზე „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ ერთობლივი მიმართვის გათვალისწინებით, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ითხოვენ.

„ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან არ შემოგვხედოს და არ გაბრაზდეს იმაზე, ქვეყანა ევროპულ სანქციებს რომ არ მიუერთდა და არ დააზარალა საკუთარი ეკონომიკა, არ გავითვალისწინეთ მათი მუქარები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ, ქართველი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

„ამ ადამიანების განცხადებები ტყუილით არის ხოლმე გაჯერებული. მაგალითად, როდესაც კონკრეტულ არგუმენტებს ვითხოვდით, როდესაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ჩვენ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ ვთხოვეთ კონკრეტული არგუმენტები წარმოედგინათ, რაც ვერ შეძლეს. არგუმენტი არც გააჩნიათ, უბრალოდ ასრულებენ იმ დავალებების, რასაც ქვეყნის წინააღმდეგ ავალებენ. რაც შეეხება პერსონალურდ ასანქცირებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამით ვერავინ შეგვაშინებს. მთავარია, გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რითიც შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.