მიხეილ სააკაშვილი: ციხეებში გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა. თუ ადრე ამანათების შემოტანა ყოველდღე იყო შესაძლებელი, ახლა მხოლოდ თვეში ორჯერ. ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ
ძალიან გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, ბოლო 2 წელიწადში კატასტროფულად გაუარესდა საკვების ხარისხი. უმეტესი საკვები უბრალოდ არ იჭმევა და ამასთან ერთად ვეღარც გარედან შემოაქვთ საკვები. თუ ადრე ამანათების შემოტანა ყოველდღე იყო შესაძლებელი, ახლა კი მხოლოდ თვეში ორჯერ,- წერს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხეში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დაწესდა სხვადასხვა სახის შეზღუდვები, რომელსაც არ დაემორჩილება და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს. აქვე, აღნიშნავს, რომ ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ ორჯერ არის შესამცირებელი.
„გარდა ძალადობისა, ციხეებში არის სხვა ბევრი პრობლემა. მე უკვე 5 წელზე მეტია ტყვეობაში ვარ და შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვებები და გამოცდილება.
ამ წლებში მოხდა ნაც-მოძროაბის დროს აშენებული გამართული ციხეების კორპუსების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, მოუვლელობის გამო. ძალიან გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელში, როგორც ჩანს კორუფციის კიდევ უფრო მომატების გამო, ბოლო 2 წელიწადში კატასტროფულად გაუარესდა საკვების ხარისხი. უმეტესი საკვები უბრალოდ არ იჭმევა და ამასთან ერთად ვეღარც გარედან შემოაქვთ საკვები. თუ ადრე ამანათების შემოტანა ყოველდღე იყო შესაძლებელი, ახლა კი მხოლოდ თვეში ორჯერ.
ახლახან აკრძალეს „ფლეშკებით“ ვიდეოფილმების შემოტანა (რომლებიც პატიმრებისთვის დროის მოკვლის შესაძლებლობა იყო).
შევარდნაძის დროს, იუსტიციის მინისტრი ვიყავი და მახსოვს რა საშინელება იყო მაშინდელი ციხეები, შემდეგ ისინი დავანგრიეთ და ახალი ავაშენეთ. მათ შორის 2012 წლამდე გვქონდა დაწყებული ნორვეგიული სტანდარტის დიდი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. ეს ქოცებმა გააჩერეს. სამაგიეროდ არსებულ დაწესებულებებს მოაშენეს კორპუსები. მაგალითად რუსთავის ციხეს, რომელშიც ვიმყოფები, მოაშენეს ნაწილი და 1 თვის წინ ციხე გაიბზარა, ძველ ნაწილს და ქოცების მოშენებულ ნაწილს შორის გაჩნდა დიდი ბზარი, რომელზეც გადაბიჯება მიხდება ყოველ ჯერზე, დერეფანში მოძრაობისას (რა სიმბოლურია!)
განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ. ნუ შეაყოფინებთ ამათ თითებს. კიდევ უფრო ღრმად ამოიღეთ ხმა! ამაზე უარესი მაინც არ იქნება. მე პირადად ძალიან ხმამაღლა ვაპროტესტებ ყველაფერს.
ვინაიდან სახალხო დამცველის ინსტიტუტი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია მოთხოვნა, რომ ციხეებში რეგულარულად დაუშვან კომისია, რომელშიც შევლენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები. მათ უნდა მიეცეთ საშუალება გაესაუბრონ პატიმრებს, გაეცნონ შეზღუდვების მოტივაციას და გაასაჩივრონ უაზრო შეზღუდვები, დააყენონ „უდოს“ სამართლიანად გამოყენების საკითხი, თვითონ გააკონტროლონ საკვების ხარისხი და სანიტარული მდგომარეობა. დააყენონ ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი კორუფციაზე. ამ ყველაფერს მალაპარაკებს ჩემი პირადი გამოცდილება და ის, რომ აქ გავიგე ის რასაც გარედან ვერ გავიგებდი, თან ამ ყველაფერზე ვითვალისწინებ, რომ ციხეში გარდა უდანაშაულოდ მოხვედრილი ხალხისა, უმრავლესობას შეადგენენ ნამდვილი კრიმინალები, რომელთაგან ფართო საზოგადოების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ და ჰუმანურ ფარგლებში.
ისე კი ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი აზრამდე, რომ ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით რომ საშიში დამნაშავეები არ იქნებიან გათავისუფლებულები და ასევე ციხეებში დაბრუნებული ქურდული სუბკულტურა ხელახლა იქნება განეიტრალებული. აუტანელია იმის ხილვა, რომ ქოცების პირობებში, ციხეებიდან ისევ კონტროლდება ქვეყანაში დანაშაული.“- წერს სააკაშვილი.