ირაკლი ნადარეიშვილი: რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა

ირაკლი ნადარეიშვილი: რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა

ქართული ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემა გამოირჩევა თავისი მდგრადობით და მიმზიდველობით, მათ შორის რეგიონის ჭრილში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მის ფარგლებში ბოლო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთავრობა ძალიან აქტიურად ახორციელებს როგორც პოლიტიკის, ასევე პრაქტიკულ ნაწილში სტარტაპების მხარდაჭერას, ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას, გლობალური ტექ კომპანიების მოზიდვას და სხვა.

„ყველა ის ღონისძიება, ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებული იყო სტარტაპის სტატუსის შემოღებასთან, მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები, საგრანტო პროგრამები, რომელთაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოსული უმსხვილესი აქსელერატორები და ვენჩურული კაპიტალი განაპირობებს იმას, რომ რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, შედეგად, დღეს სახეზეა ტალანტის და სტარტაპების ძალიან პოზიტიური მიგრაცია რეგიონიდან საქართველოში.

„საქართველოდან რეალურად მათ ძალიან ეფექტურად ეხსნებათ წვდომა დასავლურ კაპიტალზე, საერთაშორისო ქსელებზე, მომხმარებლებზე და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.